საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის USAID ,,განათლება მომავლისთვის“ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესება  და ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მასწავლებლის მომზადების და განათლების მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის ამაღლების, საგანმანათლებლო ლიდერების შესაძლებლობების განვითარებისა და სკოლის ავტონომიის განმტკიცების მიმართულებით.

 

USAID განათლება მომავლისთვის ფარგლებში, კომპანია „Chemonics International“-ი და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASU) მჭიდროდ ითანამშრომლებენ საქართველოს  პარტნიორ უნივერსიტეტებთან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების მეცნიერებების პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი დაეხმარება უნივერსიტეტებს სასწავლო კურსების გაუმჯობესებასა და შემუშავებაში, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებაში, თანამედროვე ლიტერატურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა  და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვაში.

 

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) გუნდი, პროექტის საუნივერსიტეტო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზს. აღნიშნული ანალიზის მიზანი იქნება პროგრამების გაუმჯობესების საჭიროებებისა და შემოდგომი განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან და ადინისტრაციასთან თანამშრომლობით. ანალიზის შედეგების საფუძველზე, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASU) შეიმუშავებს რეკომენდაციებს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ინტერვენციებისთვის, რომელთა მიზანიც იქნება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება.

 

უნივერსიტეტების მხარდაჭერის პროგრამა განხორციელდება ორ ძირითად ეტაპად: I ეტაპი მოიცავს პროგრამის განხორციელების 1-ელ და მე-2 წლებს, ხოლო II ეტაპი - პროგრამის განხორციელების მე-3 და მე-4 წლებს.

  • პირველ ეტაპზე, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაეხმარება პარტნიორ უნივერსიტეტებს საბაზისო კურსების დახვეწასა და შემუშავებაში. USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში არსებულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან პირველი წლის განმავლობაში იმუშავებს საუნივერსიტეტო პროგრამებში სწავლის უნივერსალური დიზაინის (UDL) პრინციპების ინტეგრაციაზე, უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის პარტნიორობისა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასა და ერთობლივად განსაზღვრული საბაზისო კურსების შექმნაზე.
  • მეორე ეტაპზე არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASU) გააგრძელებს თითოეული უნივერსიტეტის მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას წარმატებული პრაქტიკის ცენტრებად (Centers of Exelence) მათ მიერ შერჩეული კონკრეტული საექსპერტო სფეროების მიმართულებით, მაგალითად, პედაგოგიკის სწავლებას უმცირესობათა ენებზე; მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სწავლების სპეციფიკური მეთოდოლოგიები; განმავითარებელი შეფასება; ინკლუზიური განათლება; ციფრული სწავლა-სწავლება; უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის პარტნიორობა; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; საგანმანათლებლო ლიდერობა ან სხვა.

 

უნივერსიტეტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იგეგმება საქართველოში არსებული წარმატებული პრაქტიკის ცენტრების (CoEs) გაწევრიანება არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) ბაზაზე არსებულ პლატფორმაში „მომავლის განათლებისთვის თანამშრომლობა“ - „Learning Futures Collaboratives (LFC)“. აღნიშნული გაერთიანების უპირველეს მიზანს წარმოადგენს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის მომავალზე ორიენტირებული, ინოვაციურ იდეებზე დაფუძნებული, მაღალეფექტური კვლევის დღის წესრიგის დანერგვა.

 

საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) კოლეგებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის სწავლებასა და პედაგოგიკაზე გამართულ დისკუსიებში, კვლევით პროექტებსა და იდეებისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის აქტივობებში. არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ASU) მხარს დაუჭერს წარმატებული პრაქტიკის ცენტრების (CoEs) ბაზაზე რეფერირებადი ჟურნალების შექმნასა და სარედაქციო კოლეგიის ჩამოყალიბებას. აღნიშნულ ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნდება მეთოდოლოგიური და თეორიული სტატიები, კომენტარები და ლიტერატურის მიმოხილვა.

 

პროექტის შესახებ სხვა დამატებითი დეტალისა და სიახლისათვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე.

 

პროექტში მონაწილე ქართული უნივერსიტეტები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი